გარეული ცხოველების მოშინაურება დაახლოებით 15 ათასი წლის წინ დაიწყო. ამ დროს ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ცხოველთა გარკვეულ სახეობებს მათ გვერდით უნდა ეცხოვრათ და ისინი თავად გადაწყვეტდნენ, თუ როგორი ფორმისა და ზომის იქნებოდნენ. ცხოველების იძულებითი მოშინაურებიდან მრავალი საუკუნე გავიდა. ევოლუციის ეტაპებზე გადაირჩა სახეობები, რომლებმაც ადამიანების განსაკუთრებული სიყვარული და კეთილგანწყობა მოიპოვეს, ამასთანავე დარჩა სახეობები, რომლებსაც იძულებითი მოშინაურების მიუხედავად, ადამიანებმა ხელი ჰკრეს. “მეტისი”, მე-18 საუკუნეში წარმოშობილი ტერმინია, რომელიც ისტორიულად ევროპელ და ამერიკელ ხალხთა შერევით წარმოშობილ ადამიანთა აღსანიშნად გამოიყენებოდა. მეტისები ისტორიულად ნაკლები უფლებების მქონდე ადამიანები იყვნენ. დღეს საქართველოში შერეული ჯიშის ძაღლებს მეტისებს უწოდებენ და მათაც ნაკლები უფლებები გააჩნიათ. მეტისებს სახლიდან აგდებენ, აწამებენ, კლავენ, მაგრამ მსგავსი საქციელის გამო პასუხი მხოლოდ ერთეულებმა აგეს. ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” ინფორმაციით, თბილისში 43 000-ზე მეტი მიუსაფარი ძაღლი ცხოვრობს.
ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი ცხოველების სტატისტიკა მზარდია. სტატისტიკას მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი ებრძვის. ისინი სხვადასხვა სოციალურ ქსელში გაერთიანებულ მოხალისეებთან ერთად აგროვებენ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს გადასარჩენად მიუსაფარი ცხოველებისა, რომლებიც რიგ შემთხვევაში ადამიანების სასტიკი მოპყრობით ზიანდებიან. სალომე ყიფიანი ერთ-ერთია იმ აქტივისტთაგან, რომლებიც ცხოველების გადარჩენისთვის იბრძვიან.
“13 წელია ძაღლი მყავს. ქუჩის ცხოველებზე ზრუნვა იმ პერიოდიდან დავიწყე, რაც ის ჩემთან ერთად ცხოვრობს. თავდაპირველად მხოლოდ ვაჭმევდი მათ, მაგრამ ყველაფერი მაშინ შეიცვალა როდესაც ქუჩაში შემხვდა პატარა კნუტი, რომელიც თვალებს ვერ ახელდა. წამოვიყვანე სახლში და როდესაც პირველი პასუხისმგებლობა ავიღე, მოვუარე, გადავარჩინე და გავაჩუქე, მას მერე ნელ- ნელა სოციალური პასუხისმგებლობა ვიგრძენი და მივხვდი, რომ იმ კნუტს ჩვენ თუ არ ვუშველით, ვერავინ გადაარჩენს. აქედან დაიწყო ყველაფერი. რეალურად არც მონიტორინგს ადარდებს და არც არსებობს რაიმე სხვა დაწესებულება, რომელიც ქუჩის ცხოველებს დაეხმარება ასე მასობრივად. ისევ ხალხზეა ყველაფერი დამოკიდებული, ამიტომ გადავწყვიტე და ჩავერთე ამ საქმიანობაში. მეტი ჰუმანურობა გვმართებს ადამიანებს და უნდა ავიღოთ სოციალური პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ჩვენი მისახედია ჩვენივე გარემო,” - გვიყვება სალომე ყიფიანი.
პრობლემის მოსაგვარებლად უმნიშვნელოვანესია ცხოველების სტერილიზაცია. თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დაუკავშირდეს მონიტორინგის სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში შეამჩნევს ძაღლს ე.წ. “ბირკის” გარეშე.
,,ერთადერთი გამოსავალი სტერილიზაციაა, რათა აღარ გაიზარდოს მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა. ქალაქში უამრავი ძაღლია და მათ დახმარებაზე მხოლოდ 20-30 ადამიანი თუ ზრუნავს. ყველაზე რთული ის არის, რომ როდესაც ამ ძაღლებს მოუვლი, შემდეგ სად უნდა დააბინავო?! ძაღლი, რომელსაც ფეხი არ აქვს, ქუჩაში ხომ არ გაუშვებ ისევ? ყველას სახლში ვერ წაიყვან და თავშესაფარში ყოფნის ხარჯებსაც ვერ დაფარავ. ამ ძაღლების დაბინავება უტოპიაა. ჩემს უბანში ძაღლმა 13 ლეკვი გააჩინა და 13 ლეკვის გაჩუქება სიცოცხლის ტოლფასი დამიჯდა. ყველა იმას კითხულობს, რა ჯიშია? პირველი კითხვა ეგაა და არ იციან რა არის მეტისი. ასეთი ძაღლები სახლში ძირითადად მიჰყავთ ახალგაზრდებს, რომლებიც შეიძლება აგიტაციასაც უწევდნენ მეტისი ძაღლების მოვლას. ურბანულ სისტემაში ქუჩის ძაღლი ვერ იარსებებს. ყველგან გზა და მანქანაა და საშიშროება იმისა, რომ მანქანამ დაარტყას და რაიმე დაუშავდეთ, მაღალია,” - ამბობს სალომე ყიფიანი.
სალომე ყიფიანი |
მუნიციპალური თავშესაფარი ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელიც მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავს. რიგ შემთხვევაში ცხოველების თავშესაფარში მოხვედრა იმაზე მეტ პრობლემას იწვევს, ვიდრე მანამდე იყო. რამდენიმე თვის წინ, როდესაც დაავადება “ძაღლის ჭირის” სეზონი იყო, მუნიციპალური თავშესაფრიდან გამოშვებული სტერილიზებული ძაღლები სწორედ ამ დაავადების გამავრცელებლები გახდნენ. “ძაღლის ჭირი” არის დაავადება, რომელიც იწვევს ტვინის შეშუპებას, ამ დროს ძაღლი კვირების განმავლობაში კვდება წამებით.
,,მუნიციპალურ თავშესაფრებში საშინელი მდგომარეობაა, არაფერი აქვთ, რითაც ცხოველებს დაეხმარებიან. იქ არის დროებითი თავშესაფარი, სადაც გადაჰყავთ ძაღლები და სტერილიზაციას უკეთებენ. რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჭირი გავრცელდა ქალაქში, დაავადდა ჩემს უბანში მცხოვრები 6 ძაღლიც. “ჭირის” დროს აუცილებელია ეს ცხოველები ერთ სივრცეში იყვნენ, რადგან ისინი ხდებიან გამავრცელებლები. დაავადება 6 თვის განმავლობაში ცხოვრობს იმ ადგილზე, სადაც ისინი ხვდებიან. ამ ძაღლებზე მე ვზრუნავდი და მათი მკურნალობა 1400 ლარი დაჯდა. ისევ ხალხი დამეხმარა მათ განკურნებაში. რისკი იმისა, რომ დაავადება აცრილ ძაღლსაც გადაედოს მაღალია, შეიძლება ადამიანს ქუჩაში მცხოვრები ძაღლები არ ადარდებდეს, მაგრამ თავისი ძაღლის დასაცავად უნდა დაეხმაროს ქუჩაში მცხოვრებ ძაღლს. მუნიციპალურ თავშესაფარში როდესაც რეკავ და ეუბნები მათ, რომ ძაღლს აქვს “ჭირი”, მაშინვე აძინებენ. მათ გეგმა აქვთ, რომ ქალაქში მიუსაფარი ცხოველების სტატისტიკა უნდა შემცირდეს და ისინი სტატისტიკას მათი დაძინებით ამცირებენ,” - გვიყვება სალომე ყიფიანი.
გარდა დედაქალაქისა, ქვეყნის სხვა რეგიონებში არსებული მდგომარეობაც არასახარბიელოა. ბევრგან ვეტერინარიც კი არ არსებობს, რომ დაშავებული ცხოველი წაიყვანონ. არ არსებობს მუნიციპალური თავშესაფრები, რომლებიც არსებული ხარვეზების მიუხედავად, იზრუნებენ ცხოველებზე.
,,მივდივართ სოფლის გზებზე და იქ მცხოვრებ ძაღლებს ვეხმარებით ხოლმე. მიგვაქვს სხვადასხვა საჭმელი და წამლები. ძალიან გავრცელებულია დაავადება “დემადეკოზი”, ძაღლებს სცვივათ ბეწვი და შემდგომ ცოცხლად ლპებიან. ერთი ტაბლეტია მხოლოდ საჭირო, რომ მათ ვუმკურნალოთ. საბადურის ტყეში, სადაც 2 საათი რომ იარო გზად არაფერი შეგხვდება, არც სახლი და არც ადამიანი, დავთვალეთ და ამ გზაზე ადამიანების მიერ დატოვებული 45 ძაღლი ცხოვრობს. ადამიანები მიდიან, გადაწყვეტენ, რომ აღარ უნდათ ძაღლი, ჩამოსვამენ ლეკვებს ან ძაღლებს და ტოვებენ. ეს ძაღლები იქ ცხოვრობენ არაფრის იმედად. “გზების აქციას” ვეძახით და თვეში ერთხელ მაინც ასეთ ძაღლებს ვაპურებთ,” - ამბობს სალომე ყიფიანი.
მიუსაფარი ცხოველების მზარდი რაოდენობის გარდა, დიდი პრობლემაა მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა. 2021 წლის აპრილში გორის ცენტრში სასტიკად მოკლული ძაღლი, მანქანის მიერ გაჭყლეტილი მძინარე ძაღლი, ტყეში დატოვებული ხეზე გამობმული ძაღლი... ადამიანების მიერ ჩადენილი სასტიკი მოპყრობის შემთხვევების ჩამონათვალი დიდია. კანონი კი, რომელიც მსგავსი საქციელის ჩამდენ ადამიანებს სისხლის სამართლის პასუხისგებას დააკისრებს, უკანასკნელად 2019 წლის 5 ივნისს ჩასწორდა. სსკ 259 მუხლის თანახმად, ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს, დამნაშავე ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით, ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე, მაგრამ პასუხისგებაში მიცემული ადამიანების რაოდენობა წამებით მოკლული ცხოველების რაოდენობაზე გაცილებით ნაკლებია.
,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” მუშაობდა ცხოველთა მიმართ სასტიკი და არა სათანადო მოპყრობის ფაქტების შესწავლაზე. სამართალდამცავი ორგანოს მიერ საკითხის უგულებელყოფას ადასტურებენ არასამთავრობო ორგანიზაციაშიც. ბოლო 5 წლის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოს მიერ სსკ 259 მუხლზე გამოძიება 25 146 ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო. 146 შემთხვევიდან კანონით ნაკისრი პასუხისგება მხოლოდ 17 ადამიანს დაეკისრა. აქედან 13 შემთხვევაში აღმკვეთი ღონისძიების სახით დაეკისრა ჯარიმა, 3 შემთხვევაში პირობითი მსჯავრი, ხოლო მხოლოდ 1 შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა.
No comments:
Post a Comment