Saturday, May 14, 2022

რამდენი ლარი ეღირებოდა საწვავი, რომ არა დღგ-სა და აქციზის გადასახადი?!

 საწვავის ფასმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, ცალკეულ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება 4 ლარს გადასცდა. საქართველოში საერთაშორისო ბაზარზე ომით განპირობებულ კრიზისს კიდევ უფრო ამძიმებს სახელმწიფოს მიერ დაწერესბული დღგ-სა და აქციზის გადასახადი, რაც საწვავის ღირებულების თითქმის 30%-ს შეადგენს.



"კონკურენციის სააგენტოს” შუალედური ანგარიშის მიხედვით, დღეის მონაცემებით რეგულარის ტიპის საწვავის ფასი საშუალოდ 3.80 ლარია, საიდანაც სახელმწიფო გადასახადების ოდენობა 1.03 ლარს შეადგენს, ანუ სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რომ საწვავზე ფასი მყისიერად შემცირდეს (მაქსიმუმ 1.03 ლარის ოდენობით). თუ სახელმწიფო დროებით მაინც იტყვს უარს გადასახადების გაუქმებაზე, ერთი ლიტრი საწვავის ფასი საშუალოდ 2,77 ლარი იქნება.


გადასახადების გაუქმება ბიუჯეტში შემოსავლების კლებას გამოიწვევს, რაც თავისთავად გამოწვევაა, რომელიც რიგი ქმედებებით შეიძლება დაბალანსდეს.


“საწვავზე დღგ-სა და აქციზის გაუქმება ბიუჯეტში დიდი ოდენობით შემოსავლის კლებას გამოიწვევს. მიმდინარე მონაცემებით, ბიუჯეტში 1 მილიარდ ლარზე მეტს შეადგეს საწვავის აქციზითა და დღგ-ს გადახდით მიღებული შემოსავალი. კრიზისის თავიდან აცილება და დაბალანსება მთელი რიგი ქმედებებით არის შესაძლებელი. პირველ რიგში საჯარო უწყებებში გაბერილი შტატების შემცირებით, სახელმწიფო ავტოპარკისა და საწვავის მოხმარების შემცირებით, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებით და მათთვის ყოველწლიურად 80 მლნ-ზე მეტი ლარის სუბსიდიების შემცირებით”, - განაცხადა ფინანსისტმა, გიორგი ჭყოიძემ.


მოქალაქეებისთვის საწვავის ფასის ზრდის პარალელურად ნავთობკომპანიები სახელმწიფოს საწვავს გაცილებით დაბალ ფასად სთავაზობენ. 


გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფოსთვის შეთავაზებული საწვავის ღირებულება 14-40 თეთრით უფრო იაფია ვიდრე მოქალაქეებისთვის არსებული ღირებულება. მაგალითად, ტენდერის ჩატარების დროს პრემიუმის ტიპის ბენზინი საცალო ბაზარზე 3.18 ლარზე მეტი ღირდა, სახელმწიფოსათვის შეთავაზებული ფასი კი 2.78 ლარი იყო, ნავთობკომპანიებმა სახელმწიფოს 40 თეთრით უფრო იაფად შესთავაზეს საწვავი.


საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა განცხადება, მათი ინფორმაციით, ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე.


“ვიმსჯელეთ საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაცია არის შემდეგი, რომ ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, დეტალურად შეისწავლოს საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთავრობას საშუალება ექნება, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მსოფლიო ბაზარზე საწვავის მკვეთრი გაძვირება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა საომარმა მოქმედებებმა განაპირობა. რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და რიგი ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე უარის თქმამ გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე ავტომატურად გამოიწვია საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა. “ოპეკის” ქვეყნების შეუთანხმებლობა საწვავის მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით პროცესის დამატებითი სტიმულატორი გახდა - ვკითხულობთ “Bloomberg”-ზე.



No comments:

Post a Comment