Saturday, July 9, 2022

რუსეთიდან იმპორტირებული “ევროპული” საწვავი


რუსეთ-უკრაინის ომისა და მსოფლიოს მიერ რუსეთის სანქცირებისა და მარწუხებში მოქცევის პარალელურად, ქართული ნავთობკომპანიები რუსეთის ეკონომიკას საწვავის გაზრდილი იმპორტით აძლიერებენ. “სტატისიკის ეროვნული სამსახურის” ინფორმაციით, ქვეყანაში მკვეთრად არის გაზრდილი რუსული საწვავის იმპორტი. გასაღების ბაზრით დაინტერესებული რუსეთისა და იაფი საწვავის მაძიებელი ქართული კომპანიების ტანდემი წარმატებით განხორციელდა. ქართველი მომხმარებლები კი ყოველდღიურად ევროპული საწვავი წარწერის მიღმა დამალულ ევროპის მიერ სანქცირებული რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავს ყიდულობენ.


2022 წლის იანვარ-აპრილში რუსეთიდან საქართველოში 385,678 ათასი ლიტრი საწვავის იმპორტი განხორციელდა, ინფორმაციას საქსტატი” ავრცელებს. 



“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე კითხვას რუსული საწვავის იმპორტთან დაკავშირებით არ პასუხობს, მისი განცადებით, “ვისოლ ჯგუფი” მუდმივად ეძებს საწვავის იაფ წყაროებს მაგრამ თავს იკავებს წყაროს დასახელებისგან. 


“რაც არ უნდა ვთქვა, მოსახლეობისთვის მაინც მაღალია ფასები და არ არის დამაკმაყოფილებელი, ეს უკვე 30 წელია გამოვცადე. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - რაში უნდა გვაწყობდეს ჩვენ მაღალი ფასი?! მეტი ფული გვჭირდება, რომ საწვავი შევისყიდოთ, რეალიზაციას პრობლემა ექმნება და არც მინდა გავაგრძელო, ერთი არგუმენტიც არ არსებობს. ერთი ლარი, რომ ღირდესა საწვავი როგორც მოსახლეობას ისე ოპერატორებს გაგვიხარდება. წყაროს ვერ დავასახელებ მაგრამ მუდმივად ვეძებთ წყაროებს სადაც იაფად ვიყიდით საწვავს, ხელშესახები ოდენობით. თუ მნიშვნელოვანი ოდენობით ხელჩასაჭიდ საწვავს იაფად შემოვიტანთ მეორე დილასვე ავსახავთ სადგურებზე”, - სოსო ფხაკაძე.


“ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილის განხადებით, ბოლო ორ თვეში განსაკუთრებით გაზრდილია რუსეთიდან საწვავის იმპროტი რაც  დაბალი ფასით არის განპირობებული. მიუხედავად ამისა, კომპანიის წარმომადგენლები ღიად არ საუბრობენ ამის შესახებ რადგან მათი იმიჯისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 


“რეგულარის ტიპის საწვავის ძირითადი მომწოდებელი, განსაკუთრებით ბოლო ორ თვეში, რუსეთის ფედერაცია გახდა, რომელიც პროდუქტს საქართველოში მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გზავნის. პლაცის მიხედვით, საერთაშორისო ფასი თითქმის 1400 დოლარია, რუსული ბენზინი გარდაბნამდე სარკინიგზო გზით 900 დოლარი ჯდება ტონაზე. დღეს რუსეთიდან იმაზე მეტი საწვავი ჩემოდის ვიდრე გვჭირდება. მე როგორც ვხვდები, ბევრი არამენავთობე ჩაერთო ამ თემაში, რუსეთიდან ვალუტის გატანა რთულია და პროდუქტის სახით გამოიტანოს ის თანხა. კომპანიები, რომლებიც ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობენ, დასავლური იმიჯი აქვთ ამ დროს იმის თქმა, რომ რუსეთიდან შემოგაქვს საწვავი, იმიჯისთვის შავი ლაქაა. არავის არ უნდა ამის დეკლარირება”, - ვანო მთვრალაშვილი.


კერძო კომპანიების პასუხისმგებლობის მიღმა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი. დღეს არსებული საწვავის ღირებულების 30%-ს სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადები შეადგენს. სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, დღგ-სა და მოგების გადასახადის შემცირებით საწვავის ფასი შეამციროს. 


“დღეს დღგ-ს ნაწილში გაცილებით მეტი თანხა შედის სახელმწიფოში ვიდრე ერთი წლის უკან. მაშინ თუ 700$ იყო ფასი დღეს 1300$ გახდა, გაორგმაგდა. სახელმწიფო გადასახადებით ისედაც გაზრდილი იმპორტით მე თანხას იღებს, დღგ-ს ნაწილში უფრო მეტს იღებს”, - ვანო მთვრალაშვილი.


2 თვის წინ საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა განცხადება, კონკურენციის სააგენტოს დაავალა საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით პრობლემის მოკვლევა და ფასის შემცირების გამოსავლებზე მსჯელობა. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით ბაზარზე არსებული ფასები რელევანტურია.


„სამწუხაროდ, ბაზარზე, ჯერჯერობით, კვლავ მაღალი ფასი ფიქსირდება, თუმცა დადებითი ფაქტორი არის ის, რომ ადგილობრივი ვალუტის კურსის გამყარებამ კომპანიებს საშუალება მისცა, არსებული ფასი შეენარჩუნებინათ. ამასთანავე, გაზრდილია წვდომა იაფ წყაროებზე, საიდანაც ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის საწვავის შემოდინება ხდება. ადგილობრივ ბაზარზე საწვავის არსებულ ფასებს სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.



ავტორები:


გიორგი მაკარაშვილი

მარი შაშიაშვილი

Saturday, May 14, 2022

რამდენი ლარი ეღირებოდა საწვავი, რომ არა დღგ-სა და აქციზის გადასახადი?!

 საწვავის ფასმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, ცალკეულ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება 4 ლარს გადასცდა. საქართველოში საერთაშორისო ბაზარზე ომით განპირობებულ კრიზისს კიდევ უფრო ამძიმებს სახელმწიფოს მიერ დაწერესბული დღგ-სა და აქციზის გადასახადი, რაც საწვავის ღირებულების თითქმის 30%-ს შეადგენს.



"კონკურენციის სააგენტოს” შუალედური ანგარიშის მიხედვით, დღეის მონაცემებით რეგულარის ტიპის საწვავის ფასი საშუალოდ 3.80 ლარია, საიდანაც სახელმწიფო გადასახადების ოდენობა 1.03 ლარს შეადგენს, ანუ სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რომ საწვავზე ფასი მყისიერად შემცირდეს (მაქსიმუმ 1.03 ლარის ოდენობით). თუ სახელმწიფო დროებით მაინც იტყვს უარს გადასახადების გაუქმებაზე, ერთი ლიტრი საწვავის ფასი საშუალოდ 2,77 ლარი იქნება.


გადასახადების გაუქმება ბიუჯეტში შემოსავლების კლებას გამოიწვევს, რაც თავისთავად გამოწვევაა, რომელიც რიგი ქმედებებით შეიძლება დაბალანსდეს.


“საწვავზე დღგ-სა და აქციზის გაუქმება ბიუჯეტში დიდი ოდენობით შემოსავლის კლებას გამოიწვევს. მიმდინარე მონაცემებით, ბიუჯეტში 1 მილიარდ ლარზე მეტს შეადგეს საწვავის აქციზითა და დღგ-ს გადახდით მიღებული შემოსავალი. კრიზისის თავიდან აცილება და დაბალანსება მთელი რიგი ქმედებებით არის შესაძლებელი. პირველ რიგში საჯარო უწყებებში გაბერილი შტატების შემცირებით, სახელმწიფო ავტოპარკისა და საწვავის მოხმარების შემცირებით, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებით და მათთვის ყოველწლიურად 80 მლნ-ზე მეტი ლარის სუბსიდიების შემცირებით”, - განაცხადა ფინანსისტმა, გიორგი ჭყოიძემ.


მოქალაქეებისთვის საწვავის ფასის ზრდის პარალელურად ნავთობკომპანიები სახელმწიფოს საწვავს გაცილებით დაბალ ფასად სთავაზობენ. 


გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფოსთვის შეთავაზებული საწვავის ღირებულება 14-40 თეთრით უფრო იაფია ვიდრე მოქალაქეებისთვის არსებული ღირებულება. მაგალითად, ტენდერის ჩატარების დროს პრემიუმის ტიპის ბენზინი საცალო ბაზარზე 3.18 ლარზე მეტი ღირდა, სახელმწიფოსათვის შეთავაზებული ფასი კი 2.78 ლარი იყო, ნავთობკომპანიებმა სახელმწიფოს 40 თეთრით უფრო იაფად შესთავაზეს საწვავი.


საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა განცხადება, მათი ინფორმაციით, ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე.


“ვიმსჯელეთ საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაცია არის შემდეგი, რომ ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, დეტალურად შეისწავლოს საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთავრობას საშუალება ექნება, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მსოფლიო ბაზარზე საწვავის მკვეთრი გაძვირება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა საომარმა მოქმედებებმა განაპირობა. რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და რიგი ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე უარის თქმამ გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე ავტომატურად გამოიწვია საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა. “ოპეკის” ქვეყნების შეუთანხმებლობა საწვავის მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით პროცესის დამატებითი სტიმულატორი გახდა - ვკითხულობთ “Bloomberg”-ზე.



Wednesday, May 4, 2022

აღდგომას მიტოვებული საფლავები

ყოველ ადღგომას, სოფლის სასაფლაოზე ჩასვლისას პაპა მეუბნებოდა, სხვებისთვისაც დამენთო სანთელი რადგან მათ არავინ დაუნთებდათ, უპატრონოდ დარჩენილი მიცვალებულები არიანო. მაშინ კარგად ვერ ვიგებდი რას მეუბნებოდა, მაგრამ მის თხოვნას ვასრულებდი. დღეს პაპას საფლავზე პირველად მოვედი, დაკრძალვის შემდეგ არ ვყოფილვარ. მის თხოვნას ახლაც ვასრულებ. 



თბილისიდან 30 კილომეტრში მდებარე სოფელ “ნახშირგორის” სასაფლაოზე საფლავების უმეტესობა მიტოვებულია. საფლავზე არსებული “გამაყრუებელი სიჩუმე” არც აღდგომის დღესასწაულზე იფანტება. საფლავები დაზიანებულია, მოუვლელი, ამოსული ხეებით, თუ ვიმსჯელებთ, ათეული წლებია საფლავებისთვის არავის მიუკითხავს და არც მთავრი სააღდგომო რიტუალი, წითელი კვერცხის გაგორების სახით, არ შეუსრულებიათ.


მარტოობისთვის წინასწარ განწირულ ერთ-ერთ საფლავის ქვაზე ვკითხულობთ:


“აქ განისვენებს გვამი მტარვალის ხელით მოკლული სოფელ სართიჭალას კახეთის გზაზე ლევან გაბრიელის ძე ციკანაშვილი. შობიდან 25 წელს გარდაიცვალა 15 ნოემბერს, 1921 წ. წამკითხველს გთხოვთ შენდობას, ამაგს. ზდებენ ძმები სანდ. ვან.”


ნახშირგორის საფლავზე მიცვალებულებს მე-19 საუკუნიდან კრძალავენ. ინფორმაციას საფლავის ქვებიდან ვიგებთ. აქვე შეხვდებით სამამულო ომში გარდაცვლილთან მემორიალურ დაფას, რომელიც 1941-1945 წლით არის დათარიღებული. 


“ჩვენ დღე შევიმოკლეთ რათა სამშობლო ყოფილიყო დღეგრძელი"

Friday, April 15, 2022

ცივი გაზაფხული ლისის ტბაზე

რვა საათია, დაღამდა, ცივა და ქარია, ყველა ობიექტი უჩვეულოდ ადრე დაიკეტა, გარშემო არავინაა, ამინდის გაფუჭებასთან ერთად ლისის ტბაც უინტერესო ხდება, ყველა სახლისკენ მიეშურება და ტბაც მარტო რჩება.


დღეს უჩვეულოდ ადრე დაღამდა. ქარია და ლისის ტბაზე განსაკუთრებულად ცივა. სიბნელეა. მბჟუტავი, მოყვითალო თბილი განათება გარშემო არსებულ სიცივეს ვერ შთანთავს. ყველაფერი სიბნელემ მოიცვა. რამდენიმე წლის წინ რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაზიანებულია, ნათურები გადამწვარი. ლისის ტბა არ არის საუკეთესო ადგილი შებინდებულზე დროის გასატარებლად. ქარი და ტალღები ლისის ტბას განსაკუთრებულად საშიშს ხდის, არ არსებობს შემაკავებელი ჯებირი, რომლიც ადამიანებს დაიცავს, აქ ვერ გამაფრთხილებელ ნიშნებს შეხვდებით, რომ წყალში შესვლა საშიშია. საკუთარ სიცოცხლეს თავად უნდა მოუფრთხილდეთ.

როდესაც ცივა, ლილის ტბა “იყინება”. არაფერი ხდება და არავინაა, ერთი საათის განმავლობაში მხოლოდ ორი ადამიანი შემხვდა. 





Saturday, August 28, 2021

მეტისი ძაღლების ცხოვრებისეული მეტამორფოზა


  გარეული ცხოველების მოშინაურება დაახლოებით 15 ათასი წლის წინ დაიწყო. ამ დროს ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ცხოველთა გარკვეულ სახეობებს მათ გვერდით უნდა ეცხოვრათ და ისინი თავად გადაწყვეტდნენ, თუ როგორი ფორმისა და ზომის იქნებოდნენ. ცხოველების იძულებითი მოშინაურებიდან მრავალი საუკუნე გავიდა. ევოლუციის ეტაპებზე გადაირჩა სახეობები, რომლებმაც ადამიანების განსაკუთრებული სიყვარული და კეთილგანწყობა მოიპოვეს, ამასთანავე დარჩა სახეობები, რომლებსაც იძულებითი მოშინაურების მიუხედავად, ადამიანებმა ხელი ჰკრეს. “მეტისი”, მე-18 საუკუნეში წარმოშობილი ტერმინია, რომელიც ისტორიულად ევროპელ და ამერიკელ ხალხთა შერევით წარმოშობილ ადამიანთა აღსანიშნად გამოიყენებოდა. მეტისები ისტორიულად ნაკლები უფლებების მქონდე ადამიანები იყვნენ. დღეს საქართველოში შერეული ჯიშის ძაღლებს მეტისებს უწოდებენ და მათაც ნაკლები უფლებები გააჩნიათ. მეტისებს სახლიდან აგდებენ, აწამებენ, კლავენ, მაგრამ მსგავსი საქციელის გამო პასუხი მხოლოდ ერთეულებმა აგეს. ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” ინფორმაციით,  თბილისში 43 000-ზე მეტი მიუსაფარი ძაღლი ცხოვრობს.

ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი ცხოველების სტატისტიკა მზარდია. სტატისტიკას მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი ებრძვის. ისინი სხვადასხვა სოციალურ ქსელში გაერთიანებულ მოხალისეებთან ერთად აგროვებენ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს გადასარჩენად მიუსაფარი ცხოველებისა, რომლებიც რიგ შემთხვევაში ადამიანების სასტიკი მოპყრობით ზიანდებიან. სალომე ყიფიანი ერთ-ერთია იმ აქტივისტთაგან, რომლებიც ცხოველების გადარჩენისთვის იბრძვიან.

“13 წელია ძაღლი მყავს. ქუჩის ცხოველებზე ზრუნვა იმ პერიოდიდან დავიწყე, რაც ის ჩემთან ერთად ცხოვრობს. თავდაპირველად მხოლოდ ვაჭმევდი მათ, მაგრამ ყველაფერი მაშინ შეიცვალა როდესაც ქუჩაში შემხვდა პატარა კნუტი, რომელიც თვალებს ვერ ახელდა. წამოვიყვანე სახლში და როდესაც პირველი პასუხისმგებლობა ავიღე, მოვუარე,  გადავარჩინე და გავაჩუქე, მას მერე ნელ- ნელა სოციალური პასუხისმგებლობა  ვიგრძენი და მივხვდი, რომ იმ კნუტს ჩვენ თუ არ ვუშველით, ვერავინ გადაარჩენს. აქედან დაიწყო ყველაფერი. რეალურად არც მონიტორინგს ადარდებს და არც არსებობს რაიმე სხვა დაწესებულება, რომელიც ქუჩის ცხოველებს დაეხმარება ასე მასობრივად. ისევ ხალხზეა ყველაფერი დამოკიდებული, ამიტომ გადავწყვიტე და ჩავერთე ამ საქმიანობაში. მეტი ჰუმანურობა გვმართებს ადამიანებს და უნდა ავიღოთ სოციალური პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ჩვენი მისახედია ჩვენივე გარემო,” - გვიყვება სალომე ყიფიანი.

პრობლემის მოსაგვარებლად უმნიშვნელოვანესია ცხოველების სტერილიზაცია. თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დაუკავშირდეს მონიტორინგის სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში შეამჩნევს ძაღლს ე.წ. “ბირკის” გარეშე.

,,ერთადერთი გამოსავალი სტერილიზაციაა, რათა აღარ გაიზარდოს მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა. ქალაქში უამრავი ძაღლია და მათ დახმარებაზე მხოლოდ 20-30 ადამიანი თუ ზრუნავს. ყველაზე რთული ის არის, რომ როდესაც ამ ძაღლებს მოუვლი, შემდეგ სად უნდა დააბინავო?! ძაღლი, რომელსაც ფეხი არ აქვს, ქუჩაში ხომ არ გაუშვებ ისევ? ყველას სახლში ვერ წაიყვან და თავშესაფარში ყოფნის ხარჯებსაც ვერ დაფარავ. ამ ძაღლების დაბინავება უტოპიაა. ჩემს უბანში ძაღლმა 13 ლეკვი გააჩინა და 13 ლეკვის გაჩუქება სიცოცხლის ტოლფასი დამიჯდა. ყველა იმას კითხულობს, რა ჯიშია? პირველი კითხვა ეგაა და არ იციან რა არის მეტისი. ასეთი ძაღლები სახლში ძირითადად მიჰყავთ ახალგაზრდებს, რომლებიც შეიძლება აგიტაციასაც უწევდნენ მეტისი ძაღლების მოვლას. ურბანულ სისტემაში ქუჩის ძაღლი ვერ იარსებებს. ყველგან გზა და მანქანაა და საშიშროება იმისა, რომ მანქანამ დაარტყას და რაიმე დაუშავდეთ, მაღალია,” - ამბობს სალომე ყიფიანი.

სალომე ყიფიანი

მუნიციპალური თავშესაფარი ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელიც მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავს. რიგ შემთხვევაში ცხოველების თავშესაფარში მოხვედრა იმაზე მეტ პრობლემას იწვევს, ვიდრე მანამდე იყო. რამდენიმე თვის წინ, როდესაც დაავადება “ძაღლის ჭირის” სეზონი იყო, მუნიციპალური თავშესაფრიდან გამოშვებული სტერილიზებული ძაღლები სწორედ ამ დაავადების გამავრცელებლები გახდნენ. “ძაღლის ჭირი” არის დაავადება, რომელიც იწვევს ტვინის შეშუპებას, ამ დროს ძაღლი კვირების განმავლობაში კვდება წამებით.

,,მუნიციპალურ თავშესაფრებში საშინელი მდგომარეობაა, არაფერი აქვთ, რითაც ცხოველებს დაეხმარებიან. იქ არის დროებითი თავშესაფარი, სადაც გადაჰყავთ ძაღლები და სტერილიზაციას უკეთებენ. რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჭირი გავრცელდა ქალაქში, დაავადდა ჩემს უბანში მცხოვრები 6 ძაღლიც. “ჭირის” დროს აუცილებელია ეს ცხოველები ერთ სივრცეში იყვნენ, რადგან ისინი ხდებიან გამავრცელებლები. დაავადება 6 თვის განმავლობაში ცხოვრობს იმ ადგილზე, სადაც ისინი ხვდებიან. ამ ძაღლებზე მე ვზრუნავდი და მათი მკურნალობა 1400 ლარი დაჯდა. ისევ ხალხი დამეხმარა მათ განკურნებაში. რისკი იმისა, რომ დაავადება აცრილ ძაღლსაც გადაედოს მაღალია, შეიძლება ადამიანს ქუჩაში მცხოვრები ძაღლები არ ადარდებდეს, მაგრამ თავისი ძაღლის დასაცავად უნდა დაეხმაროს ქუჩაში მცხოვრებ ძაღლს. მუნიციპალურ თავშესაფარში როდესაც რეკავ და ეუბნები მათ, რომ ძაღლს აქვს “ჭირი”, მაშინვე აძინებენ. მათ გეგმა აქვთ, რომ ქალაქში მიუსაფარი ცხოველების სტატისტიკა უნდა შემცირდეს და ისინი სტატისტიკას მათი დაძინებით ამცირებენ,” - გვიყვება სალომე ყიფიანი.

გარდა დედაქალაქისა, ქვეყნის სხვა რეგიონებში არსებული მდგომარეობაც არასახარბიელოა. ბევრგან ვეტერინარიც კი არ არსებობს, რომ დაშავებული ცხოველი წაიყვანონ. არ არსებობს მუნიციპალური თავშესაფრები, რომლებიც არსებული ხარვეზების მიუხედავად, იზრუნებენ ცხოველებზე.

,,მივდივართ სოფლის გზებზე და იქ მცხოვრებ ძაღლებს ვეხმარებით ხოლმე. მიგვაქვს სხვადასხვა საჭმელი და წამლები. ძალიან გავრცელებულია დაავადება “დემადეკოზი”, ძაღლებს  სცვივათ ბეწვი და შემდგომ ცოცხლად ლპებიან. ერთი ტაბლეტია მხოლოდ საჭირო, რომ მათ ვუმკურნალოთ. საბადურის ტყეში, სადაც 2 საათი რომ იარო გზად არაფერი შეგხვდება, არც სახლი და არც ადამიანი, დავთვალეთ და ამ გზაზე ადამიანების მიერ დატოვებული 45 ძაღლი ცხოვრობს. ადამიანები მიდიან, გადაწყვეტენ, რომ აღარ უნდათ ძაღლი, ჩამოსვამენ ლეკვებს ან ძაღლებს და ტოვებენ. ეს ძაღლები იქ ცხოვრობენ არაფრის იმედად. “გზების აქციას” ვეძახით და თვეში ერთხელ მაინც ასეთ ძაღლებს ვაპურებთ,” - ამბობს სალომე ყიფიანი.

მიუსაფარი ცხოველების მზარდი რაოდენობის გარდა, დიდი პრობლემაა მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა. 2021 წლის აპრილში გორის ცენტრში სასტიკად მოკლული ძაღლი, მანქანის მიერ გაჭყლეტილი მძინარე ძაღლი, ტყეში დატოვებული ხეზე გამობმული ძაღლი... ადამიანების მიერ ჩადენილი სასტიკი მოპყრობის შემთხვევების ჩამონათვალი დიდია. კანონი კი, რომელიც მსგავსი საქციელის ჩამდენ ადამიანებს სისხლის სამართლის პასუხისგებას დააკისრებს, უკანასკნელად 2019 წლის 5 ივნისს ჩასწორდა. სსკ 259 მუხლის თანახმად, ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს, დამნაშავე ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით, ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე, მაგრამ პასუხისგებაში მიცემული ადამიანების რაოდენობა წამებით მოკლული ცხოველების რაოდენობაზე გაცილებით ნაკლებია.

,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” მუშაობდა ცხოველთა მიმართ სასტიკი და არა სათანადო მოპყრობის ფაქტების შესწავლაზე. სამართალდამცავი ორგანოს მიერ საკითხის უგულებელყოფას ადასტურებენ არასამთავრობო ორგანიზაციაშიც. ბოლო 5 წლის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოს მიერ სსკ 259 მუხლზე გამოძიება  25 146 ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო. 146 შემთხვევიდან კანონით ნაკისრი პასუხისგება მხოლოდ 17 ადამიანს დაეკისრა. აქედან 13 შემთხვევაში აღმკვეთი ღონისძიების სახით დაეკისრა ჯარიმა, 3 შემთხვევაში პირობითი მსჯავრი, ხოლო მხოლოდ 1 შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა.

ქუჩაში მცხოვრები, ადამიანის მთავარი კომპანიონი, ცხოველების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. ისინი  მხოლოდ აქტივისტი ახალგაზრდების იმედად ცხოვრობენ წლიდან წლამდე. ზოგს უმართლებს და ხვდებიან მათი მიკედლების არეალში, ზოგიც კი მუნიციპალურ თავშესაფარში ხვდება და მათი სიცოცხლეც იქ სრულდება. ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მუნიციპალურ თავშესაფარში მიყვანილი ცხოველების მხოლოდ 53% ტოვებს თავშესაფარს ცოცხალი.


ავტორი - გიორგი მაკარაშვილი